English / ქართული / русский /
მირზა ბახტაძე
ინოვაციური მენეჯმენტი, როგორც მნიშვნელოვანი კომპონენტი ქვეყნის ეკონომიკის წარმატებული ფუნქციონირებისათვის

ანოტაცია. ინოვაციური პოლიტიკის ფორმირება და შემდგომ მისი წარმატებული ფუნქციონირება ნებისმიერი ორგანიზაციისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ინოვაციური პროცესების მართვა ყოველდღიურად სულ უფრო აქტუალური ხდება ბიზნესსა და სახელმწიფო მმართველობაში. სტატიაში მიმოხილულია სხვადასხვა საერთაშორისო კვლევები საქართველოს „ინოვაციურობის“ შესახებ, რომელთა ანალიზის საფუძველზე ავტორმა გარკვეული დასკვნები და რეკომენდაციები შეიმუშავა.

საკვანძო სიტყვები:  ინოვაცია, ინოვაციური მენეჯმენტი, ეროვნული ეკონომიკა, ინოვაციური პროცესები. 

შესავალი

ალბერტ აინშტაინის ციტატის თანახმად, „თუ ყველაფრის კეთებას გააგრძელებ ისე, როგორც აქამდე აკეთებდი, მაშინ მიიღებ იმას, რასაც აქამდე ღებულობდი“. როგორც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც საჭიროა გარკვეული ცვლილებები, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრებისეული მიღწევები, ასეთივე აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე ორგანიზაციები და ხშირ შემთხვევაში უკვე სახელმწიფოები.

მსოფლიოში მიმდინარე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი,  ორგანიზაციების მიერ ხშირი საწარმოო გარდაქმნები და მომხმარებელთა მოთხოვნების მრავალფეროვნება პირდაპირ ზემოქმედებს ქართული პროდუქციისა და მომსახურების  კონკურენტუნარიანობაზე როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. იმისათვის, რომ ქართული ნაწარმი შესაბამისი მომზადებით შეხვდეს ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევებს, საჭიროა მენეჯმენტის ეფექტიანობის გაზრდისათვის აუცილებელი თანამედროვე ინოვაციური კანონზომიერებების კომპლექსური შესწავლა და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყნებისა და წარმატებული კომპანიების გამოცდილების მუდმივი კვლევა. 

* * *

მიმოვიხილოთ ინოვაციებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, სამწუხაროდ, ინოვაციების შექმნის უნარით საქართველო 135 ქვეყნიდან მე-100 ადგილზეა, ტექნოლოგიური მზადყოფნით 65-ე, ხოლო ინოვაციურობისა და დახვეწილობის ფაქტორული სუბინდექსით 113-ე ადგილზე[1].

კორნელის უნივერსიტეტისა და მსოფლიოს ბიზნესის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გლობალური ინოვაციის ინდექსით (GII) 2016 წელს მსოფლიოს 128 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველო 64-ე პოზიციას იკავებს[2].

 სამწუხაროდ, საქართველო საერთოდ არ მოხვდა Bloomberg-ის ერთ-ერთი კვლევის შედეგად გამოვლენილ 50 ყველაზე ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანაში[3].

 ინოვაციური ქალაქების ინდექსის რეიტინგში ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500 ქალაქს შორის 427-ე ადგილზეა[4].

აღიარებულია, რომ ინოვაცია XXI საუკუნის ეკონომიკის ძრავაა, კონკურენტუნარიანობის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია გლობალიზაციის ეპოქაში, როცა ბაზარზე ბრძოლა მწვავდება არა ცალკეულ ბიზნესებს, არამედ მთელ ქვეყნებს შორის. ალბათ, ყველას გვაინტერესებს მიზეზი, თუ რატომ აკლია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ინოვაციური მიდგომები და რამ განაპირობა ზემოთ აღნიშნული არასახარბიელო მდგომარეობა მსოფლიოს ინოვაციურ რუკაზე.

და მაინც რა არის ინოვაცია? მარტივი გაგებით ინოვაცია შეიძლება გავაიგივოთ ახალ იდეასთან, მოწყობილობასა თუ  მეთოდთან. ეკონომიკაში ინოვაციას ხშირად განმარტავენ და განიხილავენ როგორც სიახლეს, რომელიც მიმართულია მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების ან არსებულის უკეთ დაკმაყოფილებისაკენ [2: 27–31].

ინოვაციისა და გამოგონების გაიგივება არ მიგვაჩნია მართებულად, თუმცა მათ შორის ხშირ შემთხვევაში ძალიან მჭიდრო კავშირია. მთავარი, რაც ინოვაციას გამოარჩევს ნოვაციისაგან (სიახლისაგან) ისაა, რომ მიღებული სიახლე მეცნიერული კვლევის შედეგია და ბაზარზეა რეალიზებული. ანუ ის გამოგონება თუ აღმოჩენა, რომელიც ჯერ კიდევ არის რეალიზებული ბაზარზე, მხოლოდ სიახლეა და არა – ინოვაცია [1].

სიახლის ინოვაციად გარდაქმნას ინოვაციური პროცესი ჰქვია. სწორედ, ინოვაციური პროცესის წარმართვაა ინოვაციური მენეჯმენტის უმთავრესი ამოცანა.

ინოვაცია - ეს არის გამარჯვების ერთადერთი გზა, ამბობდა ყველა დროის ერთ-ერთი წარმატებული ინოვატორი სტივ ჯობსი. ნებისმიერ ადამიანს გააჩნია შემოქმედებითი ნიჭი - უნარი, შესაძლებლობები,  გამოიგონოს ან გააუმჯობესოს რაიმე. შემოქმედებითი ნიჭის მქონე ადამიანისათვის მნიშვნელოვანია თავისუფლება, ფართო არეალი, რათა მან შექმნას რაიმე ღირებული. თუ მას ეს თავისუფლება, ეს არეალი არ მიეცა, რომ განავითაროს თავისი იდეები, მაშინ მინიმუმამდე ეცემა ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე ინოვაციური იდეების გენერირების და შემდგომში მათი განხორციელების შანსი.

რას ვგულისხმობთ თავისუფლებასა და ფართო არეალში და რა როლი აკისრია სახელმწიფოს ამ მიმართულებით, რათა თავისი ქვეყნის მოქალაქეებმა და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა იფიქრონ „განსხვავებულად“, ინოვაციურად და შექმნან “არაფრისგან” მატერიალური ან სოციალური ეფექტის მქონე პროდუქცია თუ მომსახურება. სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ლეგიტიმური ბერკეტებით მაქსიმალურად უნდა განავითაროს ეკონომიკის და მეცნიერების ის მიმართულებები, რომლებიც აინტერესებს მაღალგადახდისუნარიან მომხმარებელს და თანამედროვე მეცნიერებას. ეს არის უმთავრესი წინაპირობა ქვეყანაში არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენებისა და მისი წარმატებული პოზიციონირების, როგორც მსოფლიო ბაზარზე, ასევე საერთაშორისო კვლევით-სამეცნიერო ბაზაში. უნდა ითქვას, რომ აღნიშნულის განხორციელება ძალზე რთული და მძიმე პროცესია პოსტკომუნისტურ ქვეყანაში იმდენად, რამდენადაც ინოვაციებზე ორიენტირებული მენეჯმენტი ერთგვარი ფსიქოლოგიური მოვლენაა კაცობრიობისათვის, რომელმაც იმთავითვე მოახდინა ადაპტირება საბაზრო ეკონომიკასთან, რასაც საქართველო არც ისე დიდი ხნის წინ ეზიარა.

მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში ნამდვილად იდგმება პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებით და სახელისუფლო ორგანოების მიერ აქტიურად მიდის მოქალაქეებში ინოვაციური იდეების „აღძვრის“ პოლიტიკა, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ საქართველოს მოქალაქეების ბევრად  ნაკლებმა რაოდენობამ იცოდა ინოვაციის ცნების არსი და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკისათვის ინოვაციური მიდგომები.

2016 წლის მონაცემებით, საქართველო ფაბლაბების რაოდენობის მიხედვით მე-11 ადგილს იკავებს მსოფლიო ფაბლაბების რუკაზე. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვეიცარია, პორტუგალია, პოლონეთი, იაპონია, ჩინეთი და სხვა.ფაბლაბიარისუნიკალურისივრცენებისმიერიმოქალაქისათვის, რომელსაცაქვსიდეა, სურსმისიგანხორციელება, ანბიზნესადჩამოყალიბება. ის ყველას აძლევს საშუალებას, ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე, ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა, მომავლის პროფესიების ფორმირება და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება[5].

 ფაბლაბის მთავარი მიზანი ის არის, რომ ხელს უწყობს მოქალაქეებში კრეატიულობის გაზრდას, რომლის გარეშეც ძალიან რთულია ინოვაციური მენეჯმენტი. „ინოვაციებზე მუშაობისას საჭიროა კრეატიულობა, რათა მოვახდინოთ პოზიტიური ცვლილებები“ [3].

ინოვაციებისათვის ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით 2015 წელს გაიხსნა საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი (ტექნოპარკი), რომელიც უზრუნველყოფს როგორც სათანადო კვალიფიკაციის სამუშაო ძალის მომზადებას და განვითარებას, კვლევის და განვითარებისთვის აუცილებელი დამხმარე ინფრასტრუქტურის სრულყოფას, ასევე ხელს შეუწყობს სრული ციკლის წარმოებას იდეიდან პროდუქტამდე. ტექნოპარკი უზრუნველყოფს ღია დაშვებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ცოდნასა და განვითარების პერსპექტივასთან. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს დახმარება იდეის დამუშავებიდან მის პროტოტიპად ჩამოყალიბებასა და ბიზნესად განვითარებაში. ტექნოლოგიური პარკის საშუალებით, სახელმწიფო წაახალისებს ისეთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რომელთა მთავარი  ამოცანა მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვაა[6].

ქვეყანაში ხორციელდება ინოვაციური პროექტების წამახალისებელი ღონისძიებები. მათ შორის აღსანიშნავია „სტარტაპ საქართველო“, რომელმაც ბევრი მოქლაქის ოცნება რეალობად აქცია.

სახელმწიფოს მიერ მსგავსი მიდგომა აუცილებლად მოგვცემს მნიშვნელოვან შედეგს, რომელიც, საბოლოო ჯამში, გააუმჯობესებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ეკონომიკურ აღმასვლას შეუწყობს ხელს.

ნებისმიერ პროცესს აქვს თავისი ეტაპები, რომლებიც უნდა გაიარო ან „გაირბინო“ მაინც, რომელიმე ეტაპის გამოტოვების შემთხვევაში დიდი ალბათობით აღმოჩნდები ლაბირინთში და  მოგიწევს უკან დაბრუნება. ამით იმის თქმა გვინდა, რომ საქართველომ საერთაშორისო არენაზე წარმატების მისაღწევად და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ინოვაციური განვითარებისათვის აუცილებლად უნდა გაიაროს ის გზა, რომელიც გაიარა შევედეთმა, ფინეთმა, შვეიცარიამ თუ სხვა ევროპულმა სახელმწიფომ. თუ ინოვაციის არსი არ გესმის მაშინ წარმოუდგენელია გესმოდეს ინოვაციისგან ეკონომიკური თუ სოციალური სარგებელის მიღების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, საჭიროა პირველ რიგში ინოვაციის არსი გაიგოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ვფიქრობთ, სწორედ ამ ეტაპზე ვიმყოფებით ამ დროისათვის, ზემოაღნიშნული ფაბლაბებისა თუ ტექნოპარკის უმთავრესი დანიშნულებაც სწორედ ეს არის. ამის შემდეგ უნდა გავაცნობიეროთ საქართველოს ადამიანური და ბუნებრივი რესურსებით რომელ სფეროებში შეგვიძლია წარმატების მიღწევა; რა მოგვცემს ეკონომიკურ სარგებელს და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმატებული ფუნქციონირებისათვის. შესაბამისად, ვისაც უკვე ესმის ინოვაციის არსი, უნდა იფიქროს მის ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებაზე. უნდა მიმოიხედოს ირგვლივ და იფიქროს სიახლეებზე, იფიქროს იმაზე, რომ შევქმნათ ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ისეთი პროდუქცია თუ მომსახურება, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებთათვისაც. ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა თითოეული მოქალაქის ვალია ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო.

განსაკუთრებული როლი აკისრიათ ადგილობრივ კომერსანტებს ქვეყანაში ინოვაციური მენეჯმენტის დანერგვასა და პოპულარიზაციაში. უფრო მეტიც, ეს მათი განვითარებისათვის აუცილებელიცაა. კომპანიებში უნდა ჩამოყალიბდეს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტები (R&D department), რომლებიც იმუშავებენ ამ მიმართულებით.

თანამედროვე კომპანიები ყოველწლიურად დიდ თანხებს ხარჯავენ ინოვაციური კვლევებისათვის, მაგალითად: კომპანია Volkswagen-მა ინოვაციურ სამუშაოებზე  2015-2016 წლებში დახარჯა (R&D spend) 28,5 მილიარდი აშშ დოლარი, Samsung-მა 26,8 მილიარდი აშშ  დოლარი, Apple-მა 14,1 მილიარდი და ა.შ.[7].

რას წარმოადგენს R&D (კვლევისა და განვითარების) ხარჯები?  R&D ხარჯი არის კვლევითი საქმიანობის დაფინანსება ბიზნესში. აღნიშნული კვლევის საბოლოო მიზანია არსებული პროდუქციის თუ მომსახურების გაუმჯობესება ან ახლის შექმნა.

ინოვაციური პროდუქციის შექმნაზე ყველაზე დიდი თანხები იხარჯება ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2016 წელს ამერიკაში სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ გაწეული R&D ხარჯები შეადგენს 514 მილიარდ აშშ დოლარს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (18,556 ტრილიონი აშშ დოლარი) 2,77 პროცენტია. უკანასკნელ წლებში აშშ-ში მთლიანი R&D ხარჯის დაახლოებით 2/3 იხარჯება კერძო სექტორის მიერ, ხოლო 1/3 - სახელმწიფო ორგანოების მიერ. მაშინ, როდესაც 1960-იან წლებში სახელმწიფო სექტორი ხარჯავდა 2/3, ხოლო კერძო კომპანიები კი 1/3[8].

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამერიკაში იქმნება ყველაზე მეტი ინოვაციური პროდუქცია, რაც, თავის მხრივ, აისახება ქვეყნის მშპ-ზე. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების მშპ უკანასკნელ წლებში ყოველწლიურად დაახლოებით 560 მილიარდით იზრდება[9].

 გარდა იმისა, რომ იქმნება ინოვაციური პროდუქცია თუ მომსახურება, იზრდება ქვეყნის მშპ, ამასთან ერთად პოპულარული ხდება ინოვაციებზე მუშაობა, რაც, თავის მხრივ, ავითარებს ადამიანთა ცნობიერებას და მეცნიერების როგორც ტრადიციულ, ასევე ახალ მიმართულებებს. ალბათ, ეს არის ის ფუნდამენტური საფუძველი, რაზედაც დგას მსოფლიოს ნომერ პირველი  სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები.

ამერიკის შეერთებული შტატების რესურსები ბევრად აღემატება ჩვენი ქვეყნის რესურსებს და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ  არ იქნება სწორი ამ ორ ქვეყანას შორის პარალელის გავლება, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა ციფრებზე, არამედ ინოვაციური მენეჯმენტისადმი ქვეყნის დამოკიდებულებაზე და იმაზე, თუ რაოდენ დიდი წარმატებები მოუტანა ამ დამოკიდებულებამ ქვეყანას.

გლობალური  R&D ხარჯების უდიდეს ნაწილს (დაახლოებით 90 პროცენტს) ახორციელებს ე.წ. „Top 40“ ქვეყანა. მათ შორის საინტერესოა ფინეთის მაგალითი, რომელსაც 40 ქვეყნიდან ყველაზე ნაკლები მთლიანი შიდა პროდუქტი გააჩნია და პროცენტულად მშპ-სთან მიმართებაში R&D ხარჯებით (3,55 %) მხოლოდ სამხრეთ კორეას (4,04 %)  ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ფინეთი ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობით. მშპ-ს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის შექმნის საფუძველია ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული და განვითარებული ინოვაციური მენეჯმენტი, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად გამოიყენება როგორც ეკონომიკურ სექტორში, ასევე საჯარო უწყებებში. 

დასკვნა

ამრიგად, ინოვაციური მენეჯმენტის დანერგვა-განვითარებას ქვეყნის ეკონომიკური და ინტელექტუალური აღმავლობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ინოვაციური მენეჯმენტის პოპულარიზაციის საქმეში აქტიურად უნდა ჩაებას როგორც ყველა სამთავრობო უწყება, ასევე არასამთავრობო თუ სამოქალაქო სექტორი და ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით სავსე დამოკიდებულებით. ყველა ხელმძღვანელმა პირმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს მასზე დაქვემდებარებულ დაწესებულებაში სიახლეების დანერგვა. ერთფეროვნება იწვევს სტაგნაციას, საბჭოური პერიოდის მენეჯმენტი ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.  

ასევე პედაგოგებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა უნდა მოუწოდონ ახალგაზრდებს ინოვაციებისადმი და შეეცადონ კარგად გაარკვიონ ისინი ინოვაციების არსში. უნდა გვახსოვდეს, რომ შესაძლებელია რომელიმე ჩვენგანის ერთმა იდეამ საფუძველი ჩაუყაროს ახალი ქართული კომპანიის ჩამოყალიბებას, რომელიც აწარმოებს საქართველოში და თავის პროდუქციას თუ მომსახურებას გაყიდის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

საბედნიეროდ, ფართოა საქართველოში ინოვაციური მენეჯმენტის გავრცელების არეალი. ძირითადად, შეგვიძლია ჩვენი იდეები განვავითაროთ სოფლის მეურნეობის,  ტურიზმის, მომსახურების, მეტალურგიის, მშენებლობის, ჰიდრორესურსების, მედიცინის და მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებებით და ა.შ.  აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს, შექმნას ის გარემო სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების მეშვეობით, რომ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის არც ერთი ღირებული, ინოვაციური იდეა ან მოვლენათა მეცნიერული ანალიზი არ დარჩეს განხილვისა და ყურადღების გარეშე, რადგან ამან შეიძლება, საბოლოო ჯამში, დააზარალოს როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივი ინტერესები.

როდესაც გამომგონებელს და გრანდიოზული ინოვაციური პროექტების ავტორს - მილიარდელ ილონ მასკს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა არის ცხოვრების აზრი, მან უპასუხა, რომ „ადამიანის ცხოვრების აზრი მდგომარეობს საკუთარი, ჩვენი ოჯახის წევრების, ახლობლების და ზოგადად კაცობრიობის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრაში.“ სწორედ, ადამიანების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა და მათი მოთხოვნების უკეთ დაკმაყოფილებაა ინოვაციური მენეჯმენტის საბოლოო მიზანი. ამ მიზნის ირგვლივ ერთიანდება თანამედროვე მსოფლიო, გლობალიზაციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება და საკმაოდ ნიჭიერმა ქართველმა ერმა, ვფიქრობ, საკუთარ თავზე უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობები ამ კუთხით, დასვას სწორი კითხვები, აქტიურად დანერგოს ინოვაციური მენეჯმენტი და იმუშაოს ქვეყანაში მის განხორციელებაზე, რაც პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს ეკონომიკის მდგრად განვითარებასა და მის წარმატებულ ფუნქციონირებასთან.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Bhasin K., 2012, This is The Difference Between ‘invention’ And ‘Innovation’, Business Insider.
  2. Maryville S., 1992, “Entrepreneurship in the Business Curriculum”. Journal of Education For Business. Vol. 68 N1. 1, : 27-31.
  3. Valdervelde W., 2016, Creativity, Change and Innovation: the handsome Threesome.
  4. 2016 Global R&D Funding Forecast.
  5. http://gita.gov.ge
  6. https://www.strategyand.pwc.com/innovation1000#/tab-2016
  7. https://www.swansonreed.com/big-vs-small-companies-spends-rd-u-s/
  8. http://fablab.gov.ge/geo/list/19/6
  9. https://www.weforum.org/reports/the-global-competitiveness-report-2016-2017-1
  10. http://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_gii_2016.pdf

11. https://www.bloomberg.com/news/articles/2017-11-02/made-in-china-swamps-modi-s-plans-as-backlash-spreads-to-streets

12.  http://www.innovation-cities.com/innovation-cities-index-2016-2017-global/9774